ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი, რომელიც “ბლექბერნთან” პრემიერლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში დაშავდა, ჩემპიონთა ლიგაში “ბარსელონასთან” მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს. ამის შესახებ Setanta Sport-ი იტყობინება. მანჩესტერელთა თავკაცის ალექს ფერგიუსონის განცხადებით, რუნიმ თეძო დაიზიანა, თუმცა, მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი ოთხშაბათამდე მწყობრში იქნება. “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩს, 23 აპრილს, სტუმრად გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი 29 აპრილს ჩატარდება.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველის ზურაბ ხიზანიშვილის “ბლექბერნმა” ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურში გათამაშების ლიდერ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ 1:1 ითამაშა და ალექს ფერგიუსონის გუნდს საჩემპიონო ზეიმის ნაადრევად დაწყების საშუალება არ მისცა. ბრიტანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქართველი ფეხბურთელი მატჩის განაცხადში არ ყოფილა. მისი გუნდი კი, მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაში მყოფ “იუნაიტედს” 21-ე წუთის შემდეგ როკე სანტა კრუზის გოლით ამარცხებდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს მანჩესტერელთა შტურმმა შედეგი გამოიღო და 88-ე წუთზე კარლოს ტევესმა ანგარიში გაათანაბრა. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე “ბლექბერნი” 52 ქულით გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო რაც შეეხება “მანჩესტერ იუნაიტედს”, ფერგიუსონის შეგირდები ამ მომენტისთვის მდევარ ლონდონის “ჩელსის” 3 ქულით უსწრებენ და მომდევნო ტურში სწორედ “არისტოკრატებთან” მოუწევთ დაპირისპირება.