ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურ მცველ ნემანია ვიდიჩს, მუხლის ტრავმის გამო, 2-3 კვირით დასვენება მოუწევს. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, გუშინ ფეხბურთელს რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რომეის შედეგადაც, ვიდიჩს სერიოზული დაზიანება არ აღმოჩნდა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრის 31-ე წუთზე დაშავდა, მისმა გუნდმა კი, გასვლაზე “რომა” 2:0 დაამარცხა. ვიდიჩი მოედანზე, სავარაუდოდ, 19 აპრილს, ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “ბლექბერნთან” გასამართ შეხვედრაში დაბრუნდება.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა, “ლივერპულის” ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა და 15000 ფუნტის გადახდაც დააკისრა. ამის შესახებ, ბრიტანული მასმედია იუწყება. არგენტინელმა ფეხბურთელმა, ასეთი სასჯელი პრემიერლიგის 32-ე ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის დროს არასათანადო საქციელისთვის მიიღო. კერძოდ, შეხვედრის არბიტრმა სტივ ბენეტმა, პირველ ტაიმში მას ორი ყვითელი ბარათი უჩვენა და მასკერანოს, ავტომატურად მოედანი უნდა დაეტოვებინა. თუმცა, იგი მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მოედნიდან გასვლაზე უარი თქვა. ცხადია, საბოლოოდ, მასკერანომ თამაში ვერ გააგრძელა და ურჩობა მას საკმაოდ ძვირი დაუჯდა.