ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩემპიონთა ლიგა ისეთ სტადიაშია, როცა დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რა მოხდება და ვინ გავა ფინალში. შესაძლოა, მანჩესტერი–ბარსელონასა და ლივერპული–ჩელსის წყვილებს შორის ვინმეს თავისი ფავორიტი ჰყავდეს, მაგრამ შანსები აშკარად თანაბარია და უპირატესობაზე საუბარი ამ შემთხვევაში არ შეიძლება. ზუსტად იგივეს ამბობს ტიერი ანრი, ფეხბურთელი, რომელიც ინგლისურ ფეხბურთსა და “მანჩესტერს” კატალონიელთა შორის ყველაზე კარგად იცნობს. – ახლა ხშირად გაიგონებთ, რომ “მანიუ” ფავორიტია. არ ვუარყოფ, რომ სერ ალექსის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და შორიდან ისე ჩანს, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ ეს ხომ ლიგის 1/2–ფინალია და აქ ფავორიტი უბრალოდ არ არსებობს. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ ოთხეულიდან ვინ ვის შეხვდებოდა, შანსები მაინც თანაბარი იქნებოდა. როცა “არსენალიდან” წამოვედი, ერთ–ერთი მიზეზი რის გამოც “ბარსელონა” ვარჩიე, ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი იყო და ამ ოცნებაზე უარის თქმას არ ვაპირებ. ამიტომ “მანიუს” ერთ რჩევას მივცემ – გვიფრთხილდით, – განაცხადა ანრიმ.
|