ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში საგარეო გამარჯვების შემდეგ, ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” იტალიურ “რომასთან” ჯახში უპირობო ფავორიტად მოიაზრება. სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა ფრანჩესკო ტოტის გარეშე მოთამაშე რომაელებს 2:0 მოუგეს. ტრავმირებული ტოტი არც დღევანდელ მატჩში იასპარეზებს, სტუმრებს ვერც ჟუანი და აკვილანი დაეხმარებიან, რაც ინგლისელებს მიზანს კიდევ უფრო უიოლებს. მანჩესტერელებს ტრავმის გამო სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი ვერ დაეხმარება, საეჭვოა ინგლისელი რიო ფერდინანდის თამაშიც, წინა ხაზში კი მასპინძლებს ყველა სასურველი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ. მოედანზე იქნება “იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერი პოლ სქოულზიც, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში საიუბილეო მე-100 მატჩს ჩაატარებს. გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, მომდევნო ევრომატჩს მანჩესტერელთაგან ევრა დააკლდება, რომაელთა რიგებში კი უხეშობას კასეტი, სისინიო, დე როსი, ტონეტო, ვუჩინიჩი და მექსეში უნდა ერიდნონ.
მანჩესტერი (ინგლისი) – რომა (იტალია) პირველი მატჩი: 2:0 სავარაუდო შემადგენლობები მანჩესტერი: ვან დერ სარი, ო’ში, ფერდინანდი, ბრაუნი, ევრა, კერიკი, ანდერსონი, სქოულზი, რონალდუ, გიგზი, რუნი. ტრავმირებულნი: საა, ნანი, ვიდიჩი. მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი. რომა: დონი, კასეტი, პანუჩი, მექსეში, ტონეტო, დე როსი, პისარო, ტადეი, პეროტა, მანსინი, ვუჩინიჩი. ტრავმირებულნი: ჟუანი, ტოტი, აკვილანი. მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი. მსაჯი: ოვრებო (ნორვეგია).
|