იტალიური “რომას” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედთან” განცდილი მარცხის შემდეგ დანიელე დე როსის მიერ გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის გამო გულისტკივილი გამოთქვა, მაგრამ იქვე აღიარა, რომ ინგლისური კლუბი ტურნირის მოგების უმთავრესი პრეტენდენტია. “ჩვენ ყველაფერი გავიღეთ და ამით შეგვიძლია ვიმაყოთ. კარგად ვიცოდით, რომ თუნდაც მცირე შანსის მისაღებად უნდა გაგვერისკა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო მომენტების გამოყენება, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ ორი მატჩის ჯამში “მანჩესტერ იუნაიტედმა” გვაჯობა და დამსახურებულად გავიდა 1/2-ფინალში. ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგოს. კარგად დაკომპლექტებული შემადგენლობა, ბრწყინვალე შემსრულებლები. სახეზეა უდიდესი პოტენციალი, როგორც საერთოდ გუნდის, ასევე თითოეული ფეხბურთელის” – აღნიშნა ნამატჩევს სპალეტიმ.
|