იტალიური “რომას” ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში გაცუდებული თერთმეტმეტრიანისთვის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. როგორც channel4-ი იტყობინება, ფეხბურთელმა აღიარა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” გამართული შეხვედრა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოდგა. “ფინალური სასტვენის შემდეგ ბოდიში მოვუხადე გულშემატკივრებს, რომლებიც გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, ჩემი მისამართით მხარდაჭერას გამოხატავდნენ. მათ თანადგომას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ასეთი კოშმარული მატჩის შემდეგ. რა თქმა უნდა, დიდ ფეხბურთელებსაც ვერ გაუტანიათ თერთმეტმეტრიანი მნიშვნელოვან მომენტებში, თუნდაც რობერტო ბაჯოს მიერ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაცუდებული პენალტი შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ ეს თავის დასამშვიდებლად სუსტი არგუმენტია. ეს მატჩი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ცუდი გამოდგა. მიუხედავად ამისა, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში კარგი სეზონი ჩაატარა. ახლა კი, ვეცდებით სერია A-ში “ინტერს” დავეწიოთ და სკუდეტო ჩამოვართვათ” – განაცხადა დე როსიმ, რომელმაც პენალტი მატჩის 30-ე წუთზე არაზუსტად შეასრულა, როცა ანგარიში 0:0 იყო და რომაელებს დაპირისპირების ბედის შემობრუნების შანსი ჰქონდათ. “რომამ”, პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე 0:2 განცდილი მარცხის შემდეგ, მანჩესტერში გამართული საპასუხო მატჩიც წააგო 0:1 და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.
|