თუ პრემიერლიგის 33-ე ტურში “მიდლსბროსთან” სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში რაინ გიგზი ითამაშებს, მისთვის ეს, მანჩესტერელთა რიგებში 750-ე მატჩი იქნება. ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-ი იუწყება. თუმცა, თავად უელსელი ფეხბურთელი პირად რეკორდებს იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რამდენადაც გუნდის წარმატებას, რასაც მისი სიტყვებიც მოწმობს: “გასული სეზონის მიწურულს, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. მაშინ, ემოციურად და ფიზიკურად, ფრიად დატვირთული პერიოდი გვქონდა. ამჟამად, ჯილდოებისთვის ბრძოლა იწყება. ჩემი პირადი რეკორდები მთავარი არ არის, ვინაიდან, ტიტულები გვჭირდება”, - განაცხადა გიგზმა. “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, რეკორდსმენი ბობი ჩარლტონია, რომელმაც სხვადასხვა ტურნირებში, გუნდის ღირსება 759-ჯერ დაიცვა. თუ მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, მაშინ, მიმდინარე სეზონში, მათ კიდევ ათი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ. ასე რომ, მიმდინარე სეზონში, გიგზს, ჩარლტონის რეკორდის მოხსნის შანსი, ჯერ კიდევ აქვს.
|