ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში, რომში ანგარიშით 2:0 მოგებას ფანტასტიკურ შედეგს უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ფეხბურთში მოულოდნელობები ხშირად ხდება და ამიტომ, განმეორებით შეხვედრაში “ოლდ ტრაფორდის” იმედი აქვს. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ფერგიუსონმა საკუთარი ფეხბურთელების თავდადებული თამაშიც აღნიშნა და დაამატა, რომ რონალდუს გოლმა მას ახალგაზრდობა გაახსენა. “ეს ფანტასტიკური შედეგია, თუმცა, წინ განმეორებითი მატჩი გველის. ფეხბურთში მოულოდნელობები ხშირია, თუმცა, ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით. შეხვედრის დასაწყისში საუკეთესოდ არ ვთამაშობდით, რონალდუს გოლმა კი ყველაფერი შეცვალა. კრიშტიანუს და უეინ რუნის, მთელი თამაშის მსვლელობისას მეტოქის მცველები დაძაბულობაში ჰყავდათ. რონალდუს შეტევის ცენტრში შეუძლია თამაში. რაც შეეხება მის გოლს, საკუთარი ახალგაზრდობა გამახსენდა” - თქვა ფერგიუსონმა. “მანიუს” მწვრთნელმა მისი გუნდის სხვა ფეხბურთელებიც აქო. “ვან დერ საარის გამოცდილება ჩვენი გუნდისთვის შეუფასებელი სიმდიდრეა. მადლობა მინდა გადავუხადო პაკ ჩჟი სუნს. არ ვიცი, როგორ მისწვდა იგი ბურთს იმ კომბინაციისას, რომელიც რუნის გოლით დასრულდა. იმედი მაქვს, რომ ნემანია ვუდიჩის მუხლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. ყველანი მოუთმენლად ველით ჩვენი გუნდის მცველის სამედიცინო გამოკვლევას” - განაცხადა ფერგიუსონმა და ბოლოს არც ტოტის ხსენება დავიწყნია – “განმეორებით შეხვედრაში “რომას” ტოტი დაეხმარება, რომელიც საკუთარი გუნდის ლიდერია, თუმცა, ჩვენ “ოლდ ტრაფორდზე” ვითამაშებთ, რომელზეც ასეთი დაძაბული შეხვედრებისთვის იდეალური ატმოსფეროა შექმნილი”.
|