იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მისი გუნდი რომში “მანჩესტერ იუნაიტედთან” 0:2 დამარცხდა, “მანჩესტერ იუნაიტედი” “სულ სხვა დონის გუნდად” მოიხსენია. მიუხედავად ამისა, როგორც უეფას ოფიციალური საიტი იუწყება, სპალეტი ფიქრობს, რომ მის გუნდს ნახევარფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. “შედეგი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” სულ სხვა დონის გუნდია, თუმცა, ანგარიში თამაშის მსვლელობას არ ასახავს. ერთადერთი რაც არ მომეწონა ისაა, რომ მე-2 გოლის გაშვების შემდეგ, ფეხბურთელებმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს, სხვა მხრივ კი ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა. ორივე ტაიმის საწყის წუთებში, “რომა” კარგ ფეხბურთს აჩვენებდა და გოლის გატანას იმსახურებდა. პანუჩის 2 დიდებული მომენტი ჰქონდა, მაგრამ არ გაუმართლა. ამის საწინააღმდეგოდ, რუნის მიერ გატანილი მე-2 გოლის დროს, ფორტუნა მთლიანად სტუმართა გუნდის მხარეს იყო. სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბა. მანჩესტერში მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ტურნირს არ გამოვეთიშოთ. ევროტურნირებში, “რომას” გასვლით შეხვედრებში არაერთხელ გაუტანია 2 გოლი. “მანჩესტერში” დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა, დღევანდელ შედეგში დიდი როლი ფორტუნამ ითამაშა” - ამბობს სპალეტი. სპალეტიმ ისიც აღნიშნა, რომ რომში ინგლისურმა კლუბმა იტალიურ სტილში, დაცვიდან ითამაშა. მან იმედი გამოთქვა, რომ გუნდის კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც ეს მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მანჩესტერში თამაშს მოახერხებს. რომში გამართულ შეხვედრაში, კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში 39-ე წუთზე ეფექტური თავური დარტყმით გახსნა, რუნიმ კი მეკარის და მცველების შეცდომით ისარგებლა და 66-ე წუთზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამ გუნდებს შორის, განმეორებითი შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” 9 აპრილს გაიმართება.
|