
ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ კრიშტიანუ რონალდუს, დღესდღებით, პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს. ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com იუწყება. “რონალდუ “ოქროს ბურთისა” და “ოქროს ბუცის” მოპოვების ნომერ პირველი კანდიდატია. ის საუცხოო ფეხბურთს აჩვენებს და ამასთანავე, ძალიან სტაბილურია. მისი ასეთი თამაში მარტივად აიხსნება: ამჟამად, პორტუგალიელი მსოფლიოში საუკეთესოა. ჩემი აზრით, იგი უფრო უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, რომელთაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. კრიშტიანუ 22 წლისაა და პროგრესირება კიდევ შეუძლია. ამიტომ, ძნელი სავარაუდოა, თუ კიდევ რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია მანჩესტერელებისთვის”, – განაცხადა კრუიფმა. მიმდინარე სეზონში, რონალდუს, სხვადასხვა ტურნირებში 35 გოლი აქვს გატანილი, რაც შემტევი ტიპის ნახევარმცველისთვის, მართლაც დიდი მიღწევაა.
|