იტალიური “რომას” მცველი ფილიპ მექსესი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი გასულ სეზონთან შედარებით უფრო ძლიერია და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “მანჩესტერის” წინააღმდეგ ბევრად უფრო კარგად ითამაშებს, ვიდრე გასულ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში. ამის შესახებ მექსესმა Sky Sports-ს განუცხადა. “გასულ წელთან შედარებით, ნათელია, რომ ჩვენი გუნდი ბევრად უფრო ძლიერია. ეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ნათლად გამოჩნდა. იქ ჩვენ მეტოქესთან “ოლდ ტრაფორდზე” 0:1 დავმარცხდით, “სტადიო ოლიმპიკოზე” კი 1:1 ვეთამაშეთ. ვფიქრობ, მეტოქემ იცის, რომ გასული წლის მსგავსად 7:1-ს ვეღარ მოგვიგებენ. მანჩესტერში თამაში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ დამთავრდება პირველი შეხვედრა რომში. გასულ წელს, ჩვენ რომში გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ერთი საპასუხო გოლი რომ არ გაგვეშვა, მანჩესტერში სიტუაცია სხვაგვარად წარიმართებოდა. “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი გუნდია, მაგრამ მისი თამაში გასული წლის შემდეგ ოდნავადაც არ შეცვლილა” - განაცხადა მექსესმა. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის შეხვედრები, “რომასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის 1 აპრილს რომში, 9 აპრილს კი მანჩესტერში გაიმართება.
|