მას შემდეგ, რაც სერბეთის ნაკრები ამხანაგურად რუსეთს გაეჯიბრა და 2:1-ზე დამარცხდა, სერბთა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა მეტოქე გუნდი ქებით ცამდე აიყვანა: “გულახდილად გეტყვით, მოწინააღმდეგის მხრიდან ასეთ დალაგებულ და კომბინაციურ თამაშს არ ველოდი. რუსებმა ნამდვილად გვაჯობეს და გამარჯვებაც ალალად დაიმსახურეს. ისე, არც ისაა გამორიცხული, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე რუსებმა დიდ წარმატებებს მიაღწიონ. პირადად მე ჰიდინკის გუნდს გულმხურვალედ ვუგულშემატკივრებ, ” - განაცხადა “მანჩესტერის” უკანახაზელმა.
პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ, მადრიდის “რეალში” გადასვლის შანსი უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იუწყება. “რონალდუსთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. მას რამდენიმე რჩევა მივეცი. ფეხბურთში ცხოვრება საჭიროა არა მოგონებებით, არამედ შესაძლებლობებით. თუ მათ ვერ გამოიყენებ, შეიძლება მეორე შანსი აღარც გქონდეს. ჩვენ რონალდუს ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დავუჭერთ, რადგან ის ეროვნული გუნდის ნაწილია. მისი გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე საუცხოო იქნება და ვერც ერთი კლუბი ვერ აიძულებს, რომ უძილო ღამეები გაათენოს”, – განაცხადა სკოლარიმ.
საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ “ბორდოს” პრეზიდენტ ჟან-ლუი ტრიოს განცხადებით, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიქაელ სილვესტრის “ჟირონდელთა” რიგებში ტრანსფერი, შესაძლოა, არ შედგეს. ამის შესახებ, ფრანგული სპორტული გამოცემა L'Equipe იუწყება. ტრიოს თქმით, “ბორდოს” იმის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რომ ფეხბურთელს იმხელა ხელფასი შესთავაზოს, რამდენსაც იგი ინგლისში იღებს. სილვესტრი მანჩესტერელთა რიგებში 1999 წლიდან გამოდის და გუნდის რიგებში ჩატარებულ 249 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი, შვეიცარიის ქალაქ ნევშატელში ჩავა, სადაც პორტუგალიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რათა კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში დარჩენაში დაარწმუნოს. ამის შესახებ, ესპანური სპორტული გამოცემა Marca იუწყება. მსგავსი ნაბიჯი ,შოტლანდიელმა მწვრთნელმა 1995 წელს გადადგა, როდესაც ფრანგი თავდამსხმელი ერიკ კანტონა, პსჟ-ში გადასვლას აპირებდა. მაშინ მან, ფეხბურთელს ამ გადაწყვეტილებაზე უარი ათქმევინა. რონალდუს შეძენას მადრიდის “რეალი” ცდილობს, ხოლო ფერგიუსონს, 23 წლის პორტუგალიელის გუნდიდან გაშვება არ სურს.
საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი პატრის ევრა, კლუბს კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე შეუთანხმდა. ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იუწყება. ევრას მენეჯერის განცხადებით, მხარეებს მხოლოდ ფორმალობები დარჩათ მოსაგვარებელი, ხოლო ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 55000 ფუნტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი მცველის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენდა, მან არჩევანი 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სასარგებლოდ გააკეთა.