Main » 2008»მაისი»8 » მარჩელო ლიპი: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედს” გარკვეული უპირატესობა ექნება”
მარჩელო ლიპი: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედს” გარკვეული უპირატესობა ექნება”
1:01 PM
იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” დაპირისპირებაში ფავორიტად ალექს ფერგიუსონის გუნდს მიიჩნევს და ამის უმთავრეს მიზეზად, მწვრთნელის ფაქტორს ასახელებს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება. “დღეს ძირითად როლს ფეხბურთელებს აძლევენ, ხოლო მწვრთნელის წვლილი 20 პროცენტად ფასდება. მე სხვაგვარად ვფიქრობ. ჩემი აზრით, მწვრთნელის ფაქტორი სადღეისოდ ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის, ფერგიუსონის ხელმძღვანელობით ბევრი დიდი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენელია, აქვთ სხვადასხვა პიროვნული თვისებები და ფსიქოლოგია, მწვრთნელი კი ამ ყოველივეს გაერთიანებას და გუნდის სასიკეთოდ გამოყენებას ახერხებს. ვფიქრობ, “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს. “ჩელსიმ” ახლახან ჩემპიონატში შეძლო “იუნაიტედის” დამარცხება, თუმცა იმ მომენტში მანჩესტერელებს ოპტიმალური თამაში არ უჩვენებიათ. გარდა ამისა, ჩემპიონატშიც ყველაფერი ფერგიუსონის გუნდის ხელთაა. მართალია, “ჩელსი” კარგ ფორმაში იმყოფება, მაგრამ მივიჩნევ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” გარკვეული უპირატესობა ექნება” – აცხადებს ლიპი. “მანჩესტერ იუნაიტედი” “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 21 მაისს, მოსკოვში დაუპირისპირდება.