ინგლისური “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი პრემიერლიგის 30-ე ტურში “მილდსბროსთან” ფრედ 1:1 დასრულებულმა მატჩმა იმედგაცრუებული დატოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.
“ბოლო ოთხ მატჩში 8 ძვირფასი ქულა დავკარგეთ. ეს ჩვენი კონკურენტებისთვის საჩუქარია, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. ჩემი ფეხბურთელები ისედაც ბოლომდე იხარჯებიან, თუმცა რატომღაც ამას ბოლო პერიოდში შედეგი არ მოაქვს. არამგონია, შაბათს “მანჩესტერ იუნაიტედს” ან “ჩელსის” ჩვენზე უკეთ ეთამაშათ, მაგრამ მათ გოლი არ გაუშვიათ. მატჩის დაწყების წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე ტაიმი ჩვენი კარნახით წარიმართებოდა, მხოლოდ ადრეული გოლი არ უნდა გაგვეშვა. სამწუხაროდ, ამას თავი ვერ გავართვით” - განაცხადა ვენგერმა, რომლის გუნდი “მილდსბროსთან” 25-ე წუთის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა, ანგარიშის გათანაბრება კი მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხა.
ინგლისის ჩემპიონატში გამართული 30 ტურის შემდეგ, “არსენალი” 67 ქულით გათამაშების ცხრილს, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად, ლიდერობს და მე-3 ადგილზე მყოფ “ჩელსის” 3 ქულით უსწრებს, თუმცა ალექს ფერგიუსონისა და ავრაამ გრანტის გუნდებს, “მეთოფეებზე” ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
|