ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, მანჩესტერის ლეგენდარულ “ოლდ ტრაფორდზე” მთელი ყურადღება მსოფლიოს ფეხბურთის ახალ ვარსკვლავ ქარიმ ბენზემასკენ იქნება მიპყრობილი. “ლიონის” მიერ გამოზრდილმა ტალანტმა პირველ შეხვედრაში ინგლისელებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა და თვით სერ ალექს ფერგიუსონისგანაც კი დითირამბები მიიღო. ბენზემასგან განსხვავებით, სავარაუდოდ, თადარიგში დარჩება ფრანგების მეორე ნიჭიერი შემტევი ჰატემ ბენ არფა. პირველივე წუთებიდან მოედანზე უნდა ველოდეთ ბრაზილიელ მცველ კრისს, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ, ერთადერთი მატჩი ჩაატარა, თუმცა ლიონელთა თავკაცი ალენ პერენი მას თვალდახუჭული ენდობა. დისკვალიფიცირებულ ეტონი რევეილეს მარცხენა ფლანგზე იტალიელი ფაბიო გროსო შეცვლის. მანჩესტერელები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში უგოლო ფრეც გაიყვანს, ფონს გასვლას გაძლიერებული ნახევარდაცვის ხარჯზე აპირებენ. მოსალოდნელია, რომ ფერგიუსონი წინა ხაზზე მხოლოდ რუნის დატოვებს, შუა ხაზში კი მეტოქის დაჯაბვნას რონალდუს, ჰარგრივზის, კერიკის, სქოულზისა და ნანის ხარჯზე ეცდება. სავარაუდოდ, თადარიგში დარჩება არგენტინელი კარლოს ტევესი, ისევე, როგორც უელსელი რაიან გიგზი, რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემები გააჩნია. ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში სასჯელს გოვუ, ჟუნინიო და კალსტრიომო გამორჩებიან, ინგლისელთაგან კი სანერვიულო არცერთ ფეხბურთელს არა აქვს.