ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი რაიან გიგზი, ჩემპიონთა ლიგაში მე-100 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ახალ სამიზნეზე გადაერთო და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, რაც შეიძლება მეტი შეხვედრის ჩატარებაზე ფიქრობს. ამის შესახებ, უეფა-ს ოფიციალური საიტი იტყობინება. “მიხარია, რომ თავისებური იუბილე აღვნიშნე. ეს მიღწევა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა ახლა, მხოლოდ მომდევნო შეხვედრებზე ვარ კონცეტრირებული და მსურს, რომ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ მატჩთა რაოდენობა, კიდევ უფრო გავზარდო”, – განაცხადა გიგზმა. გიგზს სარეკორდო, მე-100 შეხვედრის ჩატარება, 1/8-ფინალის გასვლით მატჩში მოუწია, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” ფრანგულ “ლიონთან” მარცხს, 87-ე წუთზე კარლოს ტევესის მიერ გატანილი გოლით გადაურჩა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. გიგზი მიიჩნევს, რომ ამ გოლმა, მის გუნდს 1/4-ფინალში გასვლის კარგი შანსი მისცა. “გასვლით შეხვედრაში გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საკუთარ კედლებში კარგი თამაშის შემთხვევაში, ახლა 1/4-ფინალში გასვლის დიდი შანსი გვაქვს. “ლიონთან” რთული მატჩი გვქონდა, თუმცა ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და მარცხს გადავურჩით”, – ამბობს გიგზი.