ჰოლანდიელმა გოლკიპერმა, ედვინ ვან დერ სარმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელა, რითიც საბოლოოდ ბოლო მოუღო ჭორებს მისი, სავარაუდო, მომავლის შესახებ.
ჭორების მიხედვით, ვან დერ სარი ევრო-2008-ის შემდეგ თავის საფეხბურთო კარიერას დაასრულებდა. ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა კი, საპირისპიროდ "მანკუნიელებთან" ახალ შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც კლუბში კიდევ ერთ სეზონს დაჰყოფს.
"ედვინმა კლუბთან ერთწლიანი კლონტრაქტი გააფორმა, ამრიგად იგი კვლავ დაიცავს ჩვენი გუნდის ღირსებას. ჩვენ ამით მოხარულები ვართ, რადგანაც მისი გამოცდილება კლუბს ძალიან მოხმარდება" - აღიარა "მანჩესტერის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა.
აღსანიშნავია, რომ ვან დერ სარი პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ასაკიანი გოლკიპერი გახლავთ, იგი "მანჩესტერში" 2005 წლის ივნისში "ფულჰემიდან" გადავიდა და პირველივე სეზონში ინგლისის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა. ედვინმა კლუბთან ერთად უკვე 118 მატჩი ჩაატარა.
აგრეთვე, ჰოლანდიელმა თავისი 19 წლიანი კარიერის მანძილზე "აიაქსის" და "იუვენტუსის" მაისურის მორგებაც შეძლო.